საზოგადოება
ახალქალაქში, „ჯარის ბანაკში“ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 50 მოზარდი გაემგზავრა

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები (10-11 კლასი) პირველად ერთვებიან პროექტ „ჯარის ბანაკში“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით 50 მოსწავლეს ახალქალაქში ელოდება თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვანი შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.

მოზარდები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის თანამშრომლებმა გააცილეს. „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი ეწვევა და მოსწავლეებთან საინტერესო შემეცნებით შეხვედრებს მოაწყობს.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.

პროექტ „ჯარის ბანაკი 2024“-ის ფარგლებში, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად, ბანაკები გაიხსნა საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. 2024 წელს „ჯარის ბანაკი“ 2 160 მოსწავლეს რვა ნაკადად მიიღებს.