საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში თინა ბოკუჩავა შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და გამოხატა საქართველოში ვიზიტის სურვილი“.
„ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის პირველი შეკრებაა ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რათა ევროკავშირში ქართველი ხალხის ინტერესები სრულფასოვნად იყოს დაცული.
ევროპელი ლიდერები, ერთი მხრივ, ფიქრობენ, როგორ შეაჩერონ ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმი და, მეორე მხრივ, შეუნარჩუნონ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა, რომლის რეალიზება ოქტომბერში „ქართული ოცნების“ გადარჩევის შემდეგ უნდა მოხდეს. ევროპის სახალხო პარტიის ყურადღების ცენტრში რჩება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომლის გათავისუფლება ევროპარლამენტმა აპრილში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ მოითხოვა“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.
პარტიის ცნობით, პოლიტიკურ საბჭოს ევროპელი ლიდერები ესწრებიან, მათ შორის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.
„ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე ასევე დგას საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ, რადგან დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ევროკავშირში, რომ საქართველოს აქვს შანსი, გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ამ შანსს საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გამოიყენებს. ამიტომ ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.