სამართალი
სერგო ჩიხლაძე: „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა.

განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვილნიუსში, ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქართველი ხალხის ნებას აღიარებს. რეზოლუცია ითვალისწინებს იმას, რომ გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მიენიჭა, ასევე, იმას, რომ „უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა „რუსული კანონის“ მიღება და საქართველოში მომიტინგეების, ოპოზიციისა და თავისუფალი პრესის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება დაგმეს“.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის „სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და „რუსული კანონის“ მიღებას მხარი დაუჭირა“.

ახალი საგადასახადო კანონისა და „რუსული კანონის“ მიღებას საქართველო ანტილიბერალური და ანტიევროპული მიმართულებით მიჰყავს, რაც საქართველოს ხელს შეუშლის, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. „რუსული კანონის“ გაწვევის შესახებ ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციების იგნორირება მოხდა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ALDE ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, ოფიციალური პირების, „რუსული კანონის“ ინიციატორებისა და მშვიდობიანი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის გამოყენებაში მონაწილე სამართალდამცავების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ასევე, ALDE ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი მკაფიო უნდა იყოს საქართველოს გაწევრიანების შესახებ შედეგებთან დაკავშირებით, ასევე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვან იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლასთან და ევროკავშირის სხვა შეღავათებთან დაკავშირებით, თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. ევროკავშირის ლიდერებმა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დისტანცირება უნდა მოახდინონ, რათა „ქართული ოცნების“ მიერ პროპაგანდით მანიპულირება თავიდან აიცილონ. ევროკავშირმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გაზარდონ და საქართველოში არჩევნების მონიტორინგი გააძლიერონ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.