საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
დიპლომატიური მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რობინ დანიგანის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ სან ფრანცისკოში დადგენილ ხედვას ეწინააღმდეგება.
„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორებიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს“ და „China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ – აბსურდულია და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე, ასევე, წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.