სამართალი
მამუკა ხაზარაძე: „ლელოსთვის“ ერთი სია მიუღებელია, ეს არ არის გამარჯვების ფორმულა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მგონი, ერთ სიაზე საუბარი დამთავრდა, პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ „ლელოსთვის“ ერთი სია მიუღებელია, ეს არ არის არანაირი გამარჯვების ფორმულა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელომ“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ეთერში უნდა ისაუბროს, თუ როგორ გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური არენიდან.

უნდა შეიქმნას ან რუსული, ან დასავლური ფლანგი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩემი აზრით, დასავლურ ფლანგზე უნდა შეიქმნას სამი-ოთხი ცენტრი და ამომრჩეველს უნდა მივცეთ ორი რაღაცის გარანტია. პირველი, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შექმნიან ძლიერ კოალიციას და იქნებიან კონცენტრირებულები, ძალიან მოკლე დროში განახორციელონ სერიოზული რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის. ამის ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა პრეზიდენტის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ ხელიც მოვაწერეთ. დანარჩენი დაე, იყოს ჯანსაღი კონკურენცია. „ლელომ“ გამოვაცხადეთ მორატორიუმი თავდაუსხმელობის შესახებ. ახლა პოლიტიკური თავდასხმა, ვისზეც უნდა განვახორციელოთ, არის „ქართული ოცნება“. ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ პოლიტიკური არენიდან და ვისაუბროთ ეთერებში სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, როგორ მოვახერხებთ ამას“, – აღნიშნა ხაზარაძემ.