უცხოეთი
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის სექტორს შეეხება

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის სექტორს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ოფიციალური პირები სანქციების პაკეტს, თვეზე მეტია, განიხილავენ. ახალი ზომები მოიცავს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვის აკრძალვას და გეგმას, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირში რეგისტრირებულ ოპერატორებს, მათი შვილობილი კომპანიების და პარტნიორების მიერ მესამე ქვეყნებში სანქციების დარღვევის გამო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესებას გერმანია აფერხებდა.

მედიის ცნობით, ელჩების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გერმანიამ შეშფოთება გამოთქვა შემზღუდველი ზომების გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობდა, ახალმა ზომებმა არ აიძულოს ევროკავშირის კომპანიები, უზრუნველყონ, რომ მათმა მომხმარებლებმა შემდეგ არ გაყიდონ დასანქცირებული პროდუქცია მოსკოვში.

1tv.ge