ქართველ გულშემატკივარს თბილისის „დინამომ“ ხასიათი გამოუკეთა, რადგან ევროპის ლიგის ფლეი ოფის საგზური გაინაღდა. ისლანდიაში გამართული მატჩი, როგორც „ლანელი“-„დინამოს“ უელსური დაპირისპირება, თბილისელთათვის ცუდად დაიწყო. თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 2 წუთი იყო გასული, როდესაც ბალდვინსონმა ლორიას კარი დალაშქრა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გიორგი კახელიშვილმა „რეიკიავიკის“ რბევა დაიწყო.
შეხვედრის განახლებიდან ხუთ წუთში „დინამოს“ ახალწვეულმა ალბერტ იაგუემ ზედიზედ მე-2 შეხვედრაში გაიტანა გოლი. იგივე შედეგი გაიმეორა მისმა თანამემამულე ჩისკომ, რომელმაც კოტოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. წერტილი შეხვედრას ირაკლი ლექვთაძემ დაუსვა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გამოიჩინა თავი.
4 აგვისტოს „დინამო“ აშკარად მასზე სუსტ მეტოქეს უკვე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება და ეჭვგარეშეა, ალექს გარსიას გუნდი ფლეი ოფის ეტაპზე გავა, სადაც დიდი ალბათობით თბილისელებს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდება.
რეიკიავიკი-„დინამო“ 1:4 (1:1)
რეიკიავიკი, „ვიოლური“