რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: როგორ შეიძლება ნორმალური ქართველი საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხს ზეიმობდეს?!

  ლარის დევალვაციაზე შეუდარებლად საშიშია ცნებების დევალვაცია. მიმაჩნია, რომ ცნებების დევალვაცია გამოწვეულია "ქართველების ახალი იდენტობის მიმდინარე ჩამოყალიბებით", როგორც ეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა სტუმარმა - სტაჟიანმა უცხოეთის აგენტმა აღიარა.

არ ავწევ "ცისფერ ყანწსა" და არ წამოვძახებ მრისხანედ - არ გამოვა ეს საქმე, ბიძია! რადგანაც ნამდვილად ხდება დღეს ქართველების ახალი იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ ჯიშის გამოყვანა. მათი კერპია ცნობილი ფეხბურთელი ლგბტ-ს სამკლაურით, წარმატების ეტალინი კი - იგივე ზნის ცნობილი დიზაინერი - თბილისის საპატიო მოქალაქე...

მაგალითად, როცა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ტყეში მოტყუებული ქართველი ჭაბუკების ცხედრები იხრწნებოდა, რუსთაველზე ზეიმი მოაწყეს - გავიმარჯვეთო! აი, პირველად როდის მოხდა ცნების - „გამარჯვება“ დევალვაცია! დღეს კი ვზეიმობთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების "გამარჯვებას" - თურქეთის ნაკრებთან წაგებას, იმიტომ, რომ 2008 წლიდან დღემდე ჭკუა ვერ ვისწავლეთ ქართველებმა...

აბა, როგორ შეიძლება ნორმალურმა ქართველმა წაგება - ომში თუ საფეხბურთო თამაშში, არ აქვს მნიშვნელობა - იზეიმოს და "გამარჯვებად" გაასაღოს?! ნუთუ ავლიპ ზურაბიშვილის მერე საქართველოში ყველა ფსიქიატრი გადაშენდა და მარტო სალომე ზურაბიშვილი დარჩა?!

   ან როგორ შეიძლება ომში გმირულად დაღუპულსა და თუნდაც შესანიშნავ ფეხბურთელს ერთნაირად "გმირი" უწოდო და ორდენით დააჯილდოვო?! გმირი ვიცი ჟიული შარტავა, მტერს რომ არ დაუჩოქა. რატომ არის ფეხბურთელი გმირი? იმიტომ, რომ თავის საქმეს კარგად ართმევს თავს, როგორც ნებისმიერი დარგის პროფესიონალი? და ამაში ძალიან დიდ ანაზღაურებას იღებს - სხვა დარგის სპეციალისტს რომ არც დაესიზმრება?

ან, იქნებ, ევრო-24-ზე გამარჯვების შემთხვევაში შიგ ევროპაში ვბრუნდებით, სადაც ქართველებს, "მაშასადამე - ევროპელებს", გაშლილ სუფრასთან "წინაპრები" - ზეზვა და მზია ელოდებიან? და პირიქით რომ მოხდეს? უკანაა დასაბრუნებელი "გმირების" ორდენები?!

   ჩვენი ნამდვილი წინაპრები ვისღა ახსოვს, მთელი ევროპა ფეხით რომ გადათელეს და თავიანთი სისხლითა და სპეტაკი ოფლით ფაშიზმისგან გაწმინდეს! როგორ შეიძლება მათი გამარჯვებისა და ორდენების გათანაბრება დღევანდელბთამ?!, ეს ხომ არა მარტო ცნების დევალვაციაა, არამედ დიდ სამამულო ომში გმირულად დაღუპული ათასობით საქართველოს მკვიდრის ხსოვნის შეურაცხყოფა!

   დიახ, მოხდა სპორტის, როგორც ცნების, დევალვაცია, ანუ პოლიტიზაცია! მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო თამაშის დროს ისტერიულად აკივლებული და თამაშის მერე - ატირებული ბავშვების ყურება. ამ დაკომპლექსებულ ბავშვებს მათი ტუტუცი მშობლები, ყველა ომი რომ წააგეს და ქართული მიწის 20% დაკარგეს, სიძულვილში, ტყუილში და ახალ იდენტობაში ზრდიან! ბავშვებს წაგებას - გამარჯვებად, გმირობას - წარმატებად, ორდენებს - ბონუსებად და სპორტს - პოლიტიკად ასაღებენ და მრუდე სარკეების სამყაროში ცხოვრებას ამ ახალი იდენტობით აჩვევენ!

   ქართველი ყმაწვილი კრწანისის ბრძოლისა და დიდგორის მაგალითებზე უნდა გაიზარდოს და ნებისმიერ მტერზე, რა ეროვნებისა და რჯულისაც არ უნდა იყოს ის, ნამდვილ გამარჯვებას მიეჩვიოს, თუნდაც ამ გამარჯვებას შეეწიროს! ესაა ქართული მენტალობა და არა ნეოლიბერასტობა და უცხოეთის გავლენის აგენტობა!

ასე რომ, აზრზე მოდით და ხიდზე გადით, ქართველებო, სანამ ჯერ კიდევ დროა! და თუ ხიდს ვერ პოულობთ, ხიდირბეგიშვილი დაგეხმარებით.