პოლიტიკა
რა მოჰყვება სატელევიზიო ანძის აუქციონის დამთავრებას

andzaმედიააქტივისტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც შეუერთდა, 28 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „ალფა-კომის“ მართვის უფლების ოთხი წლით გასხვისების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარება მოითხოვა.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, შპს „ალფა-კომის“(ყოფილი „საქართველოს ტელერადიოცენტრი“) მიერ ოთხწლიანი მართვის უფლების მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონი 18 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს, 17 საათზე, დასრულდება.

საწყისი საფასური 100 000 ლარი იყო. ხუთშაბათს საღამოსთვის აუქციონზე მხოლოდ ერთი ბიჯი იყო გაკეთებული და, შესაბამისად, ამჟამინდელი ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა. ეს ამ დროისთვის ერთადერთი ბიჯი 22 ივლისს გაკეთდა. თითო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარია. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ერთ-ერთი პირობაა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

შპს „ალფა-კომი“ თბილისის სატელევიზიო ანძასთან ერთად ექსპლოატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.

ხელისუფლების გადაწყვეტილების აქტიურ მოწინააღმდეგეთა შორის არის ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც გამოთქვამს არსებით ეჭვებს.

მისი თქმით, ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე საეჭვო გარემოება არსებობს; შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება ანძის სარგებლობასთან დაკავშირებულ გადასახადს, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა გაძვირდეს მას შემდეგ, რაც კომპანია კერძო მართვაში გადავა და თუ ეს ასე მოხდა, ეს პატარა ტელეკომპანიებისთვის სერიოზული ფინანსური დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს.

ჯანგირაშვილის თქმით, მისი ტელევიზია, რომელსაც ანძაზე განთავსებული აქვს ერთი გადამცემი და ერთი სარელეო ხაზი პირდაპირი ჩართვებისთვის, ამჟამად დაახლოებით 3 300 ლარს იხდის თვეში.

კანონი მაუწყებლობის შესახებ ავალდებულებს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ (კანონში კომპანია ისევ ძველი სახელით მოიხსენიება; კომპანიას სახელი 4 ივლისს გადაერქვა და „ალფა-კომი“ დაერქვა), უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით“.

ოპონენტების თქმით, მათ აშფოთებთ მიმდინარე აუქციონის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაც. ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ მან, როგორც პოტენციურმა ინვესტორმა, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა მეტი ინფორმაცია მოეძია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე და მის მართვაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა მას უარი უთხრეს იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, ვიდრე ეს აუქციონის შესახებ განცხადებაში იყო მითითებული.

ჯანგირაშვილმა ეჭვები გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ უკვე იცის, ვისაც უნდა გადასცეს კომპანია მართვაში და აუქციონი მხოლოდ ფორმალობაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ პროცესი „მთლიანად გამჭვირვალეა“.

„ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. საჭირო ინვესტიციის ოდენობა არის 12 მილიონი. და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იტყვის, რომ გააუმჯობესებს სერვისს და ახალ ტექნიკას შემოიტანს, მმართველობა გადაეცემა 4 წლით“, – განაცხადა მან.

ხელისუფლების გადაწყვეტილების ოპონენტები, ასევე, ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, 2015 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელი ჯერჯერობით უცნობია და გაურკვეველია, თუ ვინ იქნება ციფრული სიგნალით მაუწყებლობის გამავრცელებელი – ექნება თუ არა სატელევიზიო პროდუქტის მწარმოებელს უფლება – თავად გადასცეს პროგრამები თუ არა. ოპონენტები შიშობენ, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს მონოპოლიის შესაქმნელად, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ციფრული სიგნალის გავრცელება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, შპს „ალფა-კომის“ კაპიტალი 10,2 მილიონი ლარია; მისი დებიტორული დავალიანება 7 მილიონ ლარამდეა, ხოლო კრედიტორული დავალიანება – 2,9 მილიონი ლარი.

საქინფორმი