საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო.
„სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და, ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა. უკრაინის პრეზიდენტმა საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.