საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ვფიქრობ, სიძულვილის ენა საქართველოში ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამას კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.
„სამწუხაროდ, საქართველოში სიძულვილის ენა ძალიან ინტენსიურად გამოიყენება. ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება. არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება, ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს არის ძალიან ცუდი და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.
არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ. არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებთ და არც მისაღებად მიგვაჩნია. არ ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი, ვარ პოლიტიკოსი და ვაკეთებ პოლიტიკურ განმარტებას. დანარჩენი ჰკითხეთ ძალოვნებს, რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული. რამდენადაც ვიცი, საქმეები აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს. განცხადებები, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, უსაფუძვლოა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.