სამართალი
ეროვნულმა ბანკმა ერთ თვეში უფრო მეტი აშშ დოლარი გაყიდა, ვიდრე 2023 წელს

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გაუფასურებული ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, 16 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში უფრო მეტი აშშ დოლარი გაყიდა, ვიდრე მთლიანად 2023 წელს. მთლიანობაში სებ-მა მხოლოდ ერთ თვეში 168,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გასულ წელს 1,2%-ით ნაკლები – 166,75 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-მა პირველად 16 მაისს 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, შემდეგ 28 მაისს კიდევ 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდან, თუმცა მხოლოდ 48,7 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, და ბოლოს 11 ივნისს კიდევ 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამ პერიოდში ლარის კურსი გაუფასურდა: მაგალითად, 9 მაისს 1 აშშ დოლარი 2.65 ლარი ღირდა, სულ რაღაც 6 დღეში, 15 მაისს 2.8150 ლარს მიაღწია. პირველი აუქციონის შემდეგ ისევ 2.65 გახდა. რაც შეეხება ევრო-ლარის გაცვლით კურსს, 9 მაისს ის 2.8565 ლარიდან 15 მაისს 3.0133 ლარამდე შეიცვალა.

აუქციონის ყველა შემთხვევაში სებ-მა დაწერა, რომ „აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება“. სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ევროოპტიმისტების დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონს დაუკავშირა.

რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია… ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი კვლავ შეამცირა, შემდეგ დიდძალი მოცულობის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი… ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდ დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოსცდა“, – განაცხადა გოცირიძემ.