როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ალექსანდრე კედელაშვილის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 28 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ-ივერიაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საქართველოს სახალხო დამცველი და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ გახსნეს კონფერენცია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე“.
„კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობას საქართველოში.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოში უნარშეზღუდულ პირთა პრობლემების შესახებ მოხსენებებით გამოვლენ სახალხო დამცველი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, პოლონეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებს და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან. ამასთან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
კონფერენციის მონაწილე ორგანიზაციებს შორის მსვლელობისას გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
კონფერენციის სტუმრები საქართველოში ვიზიტისას მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ბავშვთა ნევროლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრს, საქართველოს რეგიონებში არსებულ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებს.
აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს,პოლონეთში განხორციელდა, ხოლო დასკვნითი ეტაპის ჩატარება უკრაინაშია დადეგმილი, სადაც მონაწილეთა მიერ შემუშავდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ გამოვლენილი პრობლემების დაძლევის სტრატეგია.
კონფერენცია ტარდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და პროგრამის – „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე“ – ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე“ – ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქინფორმი