რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო დასავლელი მეგობრების გეგმის მიხედვით, ტიტულოვანი სახელმწიფოდან ფიტულიან ქვეყნად უნდა გადაიქცეს!

   მიზანი, რომელიც საქართველოში უცხოელ აგენტებს - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია- დაუსახეს, არის ქართველების დარწმუნება, თითქოს რუსეთი - მონობაა, დასავლეთი კი კეთილდღეობა. 90-ან წლებში დაბადებულებმა და უფრო უმცროსმა თაობებმა არ უნდა შეიტყონ, რომ სსრკ-ში საქართველო იყო ერთიანი და სუვერენული, რომ სსრკ-ში არ იყო ინფლაცია, შინაომები და უმუშევრობა, და იყო უფასო განათლება, ჯანდაცვა, შრომისა და დასვენების უფლება. მათ არ უნდა იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირმა, რომელშიც რუსები და ქართველები მოძმე ხალხები იყვნენ, დაამარცხა ფაშისტური გერმანია და ამ ომში უმაღლესი მთავასარდალი იყო ქართველი, ხოლო მეორე ფრონტი მოკავშირეებმა მხოლოდ ომის დასრულებამდე 11 თვით ადრე, 1944 წლის ივნისში გახსნეს, და ისიც - მხოლოდ სტალინის მხრიდან ზეწოლის შედეგად და იმის გამო, რომ მიეღოთ გერმანული სამდიდრის სრული წილი.

   მათ, ვინც ახლა 35 წლის და უმცროსი ასაკისაა, არ უნდა შეიტყონ, რომ 1990 წელს, სანამ დასავლეთი უცხოელი აგენტების ხელით მოსკოვში სსრკ-ის ლიკვიდაციას მოახდენდა, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი იყო 60 კაპიკი, ხოლო 10 რუბლად სამ ადამიანს შეეძლო ლაზათიანად ბოთლი ქართული ღვინით ესადილა თბილისის ნებისმიერ რესტორანში; რომ თბილისი-მოსკოვის ავიაბილეთი 37 მანეთი 50 კაპიკი ღირდა, ხოლო 300 მანეთი საკმარისი იყო, რომ ოჯახს საგზურებით ერთი თვე დაესვენა აფხაზეთის დასასვენებელ სახლებში სამჯერადი კვებით.

მაგრამ, საუბედუროდ, აქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა პოლიტიკური კლასის მკვეთრი დეგრადაცია, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის მიერ შემოღებული სტანდარტები ითვალისწინებდა მონურ მორჩილებას სახელმწიფო ხელისუფლების მთელ ვერტიკალში, ხოლო ინიციატივა და ინტელექტი იკრძალებოდა. კარიერის გულისთვის მონებად შეიძლებოდა ქცეულიყვნენ მხოლოდ დაბალი მორალის მქონე, სულიერად ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანები, როგორიც იყვნენ სააკაშვილის შტატიანი ჯალათები, ან ამპარტავანი ჩინოვნიკები, რომლებიც მის ორსულ შეყვარებულებზე ქორწინდებოდნენ.

   შედეგად, დღეს საქართველოში თითქმის აღარ დარჩნენ სახელმწიფოებრივი კატეგორიებით მოაზროვნე ნამდვილი პოლიტიკოსები. ტელევიზორში ყოველდღიურად ვხედავთ საპარლამენტო მანდატით აღჭურვილ უზრდელ ადამიანებს, კომედიანტებს - დილეტანტებს, რომლებიც აწყობენ ფლეშმობებს, როგორც მათ ტრენინგებზე ასწავლეს უცხოელმა პოლიტტექნოლოგებმა; ან „ცეხავიკებს“, რომლებიც თავიანთ ბიზნესს პოლიტიკური თანამდებობებით იცავენ. იგივე ეხება „სამოქალაქო სექტორს“ - არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც მუშაობენ დასავლეთისთვის მხოლოდ ფულის გულისთვის. მაგრამ გრანტების ნაკადი ამოიწურება, როდესაც ვაშინგტონი, ბრიუსელი და ლონდონი საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ქართველებმა გააბრიყვეს - „გადააგდეს“, და ეს ძალიან მალე, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება.

   ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ დავკარგეთ დრო, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია! პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და „ჟურნალისტების“ საშინელი პროვინციული ფაშიზმის დაძლევა შეუძლებელია, ხოლო ჭკვიანი და ნიჭიერი მოქალაქეების ხელისუფლებაში და, ზოგადად, პასუხისმგებელ თანამდებობებზე მოხვედრა კვლავაც გამორიცხულია, რადგან ამ უკანასკნელებს არ აქვთ ფული და მაღალი ნაცნობობა. ცუდია, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ ნეპოტიზმს და მოქალაქეთა უფლებების დარღვევას. საქართველოში ყველაფერს კადრები კი არა, ფული წყვეტს, პოლიტიკა კი, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, მდიდრებისა და უცხოელი აგენტების ხვედრია.

   ქართველი პოლიტიკოსების შესაფერისია ქართული მედიაც, განსაკუთრებით ტელეკომპანიები, რომლებიც ნათლად მოგვაგონებს კოლექტივიზაციის ხანის სოფლის კლუბებს, იქ მომუშავე ტელედიქტორები არაფრით განსხვავდებიან იმ აგიტატორებისგან, რომლებიც ხალხს „ლიკბეზებში“ ასწავლიდნენ. ხოლო ღირებული პერსპექტიული კადრები - ყველა დარგის სპეციალისტები, პატრიოტები და „ქართული ოცნების“ ერთგული ამომრჩევლები, რომელთა მხრებზეც მმართველმა პარტიამ მოიგო ყველა არჩევნები 2012 წლიდან - ისევ არ მიიღებიან საჯარო სამსახურში, რადგან ისინი ან მათი ოჯახის წევრები პატივს სცემენ ჩვენი გმირი წინაპრების ღვაწლს და დადებითად უყურებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების საკითხს. ამ კრიტერიუმით შედგენილი „არაკეთილსაიმედო“ მოქალაქეების სიები იგზავნება მერიკის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის საელჩოებში.

   ჭეშმარიტი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელი და ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრის გამომხატველი ბევრი ცნობილი მოღვაწე განკვეთილად იცა, მათ კეთროვანებივით გაურბიან და ისინიც იძულებულნი არიან გაემგზავრონ საზღვარგარეთ, სადაც მათ ხელის გულზე ატარებენ. სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოიწიეს კონფორმისტმა-დემაგოგებმა, ინტრიგანებმა, ფარისევლებმა და მოღალატე ლატენტურმა რუსოფობებმა, რომლებიც უფრო მეტად ანადგურებენ მმართველი პარტიის იმიჯს, ვიდრე ყველა უცხოელი აგენტი ერთად! და რა?! მათი წყალობით, დღეს თავად „ქართული ოცნება“ გამოცხადდა პრორუსულ, კრემლისტურ ძალად, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ ამ ამაზრზენი ჰაბიტუსების მქონე იდიოტებს!

   ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის, თუ როგორ უბედურდებოდა მისი პარტიის მმართველობის 12 წლის განმავლობაში ახალგაზრდების ბედი, როგორ გამოაცხადეს საქართველოს მოქალაქეები მეორეხარისხოვნად, რადგან გაბედეს ოცნება რუსებთან, აფხაზებთან, ოსებთან მეგობრობის აღდგენაზე, რომ შვილებს მოუწიათ პასუხისგება სპეტაკი მამების პატიოსან შრომაზე - იმ მამებზე, რომლებსაც შვილების ჯანმრთელობასა და განათლებას სიცოცხლე შესწირეს, მაგრამ ერთი რუბლი დანაზოგი არ დაუტოვეს...

წინა ხელისუფლებამ გამარჯვებულ გმირთა შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს წაართვა ქუთაისში სამხედრო დიდების მემორიალი, მოქმედმა ხელისუფლებამ კი - თბილისში გამარჯვების მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ჩააქრო რა მარადიული ცეცხლი გამარჯვების პარკში! ივანიშვილის მრჩევლებად მსახურობდნენ (ზოგიერთი მსახურებას დღემდე აგრძელებს!) უწესო ადამიანები - პირფერები, გამყიდველი ვიგინდარები, თვითმარქვიები და კომბინატორები, რომლებიც ჯერ ამაღლების ქუჩის თავში ბლოკავდნენ ნებისმიერ ცოცხალ იდეას თუ ობიექტურ ინფორმაციას, ბუნებრივია, ეომ ისინი დღეს ივანიშვილის მტრების პირველ რიგებში არიან! მათი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში თითქმის ყველა მედია - ტელეკომპანიები, ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები - მუშაობს ოპოზიციაზე, ხოლო რამდენიმე ობიექტურ მედიას, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს და ხელისუფლებას მხარს უჭერს, ამ მთავრობისგან არ მიუღია არც ერთი გროში და არც მორალური მხარდაჭერა!

   ვიმეორებ - საქართველოს შეეძლო დიდი ხნის წინ გამხდარიყო აყვავებული და სუვერენული სახელმწიფო, სამხრეთ კავკასიის გვირგვინი, რომ არა დაკარგული დრო! "ქართველთა ქვეყანა" - "საქართველო" - "Georgia", მისი დასავლელი მეგობრების გეგმის მიხედვით, ტიტულოვანი სახელმწიფოდან ფიტულიან ქვეყნად უნდა გადაიქცეს, რომლისგან მხოლოდ გამოფიტული უშინაარსო ფორმა დარჩება, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში! საქართველო უნდა იქცეს ანგლოსექსების ახალ კოლონიად და კონტრიბუტორად დასავლეთის ყველა ომში, მათ შორის - რუსეთის წინააღმდეგ!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 13 ივნისი
საქართველო, თბილისი