პუბლიკაციები
„ოპოზიციის ფეიქი და პროვოკაცია“: „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა უარყო ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენისთვის მზადების შესახებ

   ტელეკომპანია Mtavari Arkhi იტყობინებოდა რუსეთისა და საქართველოს მთავრობების მუშაობის შესახებ დიპურთიერთობების აღდგენის კუთხით. მისი წყაროების ცნობით, მოსკოვში საელჩოს თანამშრომელთა შერჩევა, თითქოსდა, უკვე დაწყებულია.

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა Daily Storm-თან საუბარში ამ ამბავს, „ფეიქი“ და, საქართველოში მინავლებული საპროტესტო განწყობების გახურების მიზნით, „ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

საუბრის დასაწყისში პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ სჯერა მსგავსი სცენარის. „ეს არის მორიგი პროვოკაცია მას შემდეგ, რაც „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პროტესტი და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ შეტანილი კანონპროექტის წინააღმდეგ ბოიკოტი ჩაფლავდა. ახლა, როგორც ჩანს, ვაშინგტონიდან ან ლონდონიდან, ახალი ფლეშმობის მოსაწყობად, ახალი მითითება მოვიდა. როგორც ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ვითარებას, საქმის ცოდნით ვაცხადებ: მსგავსი არაფერი [რუსეთის ფედერაციასთან დიპურთიერთობების აღდგენა] ამჟამად არ იგეგმება. და ამ თემაზე მოსამზადებელი საუბარიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

„ქართულ მედიაში გავრცელებული ასეთი ცნობები აბსოლუტური ფეიქი და საგანგებო წაქეზებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი - ევროატლანტიკური დარჩა - “, - აღნიშნა თანამოსაუბრემ. ამ მიზეზით, როგორც „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში ჩაფრინდა, სადაც უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენცია გაიმართა. „ანუ საჭირო იყო დასავლეთისთვის დაგვემტკიცებინა, რომ მათიანები ვართ, არაფერზე უარი არ გვითქვამს და მათთვის არ გვიღალატია. და გთხოვთ, ნუ გადადგამთ მკვეთრ ნაბიჯებსო“, - განმარტა ხიდირბეგიშვილმა.

მან ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ეს ვითარება ხელს არ აძლევს ქართველ ოპოზიციონერებს. „და ოპოზიციამ დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ურთიერთობის აღსადგენად [თბილისსა და მოსკოვს შორის] აქ უკვე მომზადება დაიწყო. მაგრამ ასეთი რამ არ ხდება! მიუხედავად იმისა, რომ სურვილი არსებობს. რუსული მხარე 200%-ით მზადაა, მაგრამ ქართული მხარე დიალოგს არ იწყებს. არც პირდაპირ და არც შუამავლების მეშვეობით“, - დაასკვნა ექსპერტი.

ივან სოკოლოვი, 2024 წლის 12 ივნისი, Daily Storm

ცნობები საქართველოსა და რუსეთის მთავრობების დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გეგმების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ჩვენ ვერ ვხედავთ ქართული ოპოზიციური რესურსების მიერ გავრცელებულ ყველა სახის ჭორის კომენტირების აზრს“, - განუცხადა ТАСС-ს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.