საქართველოში ეგზოტიკური ბიზნესი ჩავარდა
ქართულმა ბაყაყმა ფრანგების მოთხოვნილება ვერ დააკამყოფილა. შესაბამისად, მთავრობაში სოფლის მეურნეობის მესვეურების ეგზოტიკურმა ახირებებმა კრახი განიცადა. ქართული პროდუქციის საექსპორტო ნუსხაში ბაყაყები და ნიანგები 2009 წელს შევიდა, მაშინ საქართველოდან საფრანგეთში, რომელიც ქართული ბაყაყის ერთადერთი მომხმარებელი იყო, 96 კგ ბაყაყის თათი გავიდა, ეს მაჩვენებელი ბევრად არ შეცვლილა 2010 წელს. 2011 წელს კი მისი ექსპორტი საერთოდ შეწყდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით მხოლოდ ამის თქმა შეუძლიათ. ბევრი არაფერი იციან ნიანგების შესახებაც.
ნიანგებით ქართული მხარე ჯერ კიდევ 2 წლის წინათ დაინტერესდა, როდესაც კომპანია „ფაზის პლანტიმ“ არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა მალევე 1 პატარა ნიანგი დაიღუპა, ხოლო 3 ნიანგი სამეგრელოში ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ჩაიყვანეს, სადაც ნიანგის სანაშენე მეურნეობების მოწყობა დაიგეგმა. თუმცა რა ბედი ეწიათ გამეგრელებულ პატარა ნიანგებს, უცნობია.
საქინფორმი