უცხოეთი
„ОДКБ-დან გავალთ. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის“ — ფაშინიანი

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გავა რუსეთის შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), როცა ჩათვლის საჭიროდ.

სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, თუ აკრიტიკებს, რატომ არ ტოვებს სომხეთი ОДКБ-ს, ფაშინიანმა თქვა: „დავტოვებთ, ჩვენ გადავწყვეტთ, როდის“.

ფაშინიანის თქმით, ეს მოხდება მაშინ, როცა სომხეთის ხელისუფლება მსგავს ნაბიჯს საჭიროდ ჩათვლის.

მანამდე სომხეთმა შეაჩერა ორგანიზაციაში მონაწილეობა.

„თქვენ როგორ გგონიათ? რა არის შემდეგი ნაბიჯი? თქვენ ფიქრობთ, უკან დავბრუნდებით? სხვა გზა არ არის. არ ინერვიულოთ, უკან არ დავბრუნდებით“, — თქვა ფაშინიანმა.

კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და არცახი (ყარაბაღი), ფაშინიანი რომ ხელისუფლებაში არ ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ იმავე მდგომარეობაში [ტერიტორიას დაკარგავდა] და ამის პარალელურად სომხეთი [რუსეთის] გუბერნიად გადაიქცეოდა.

netgazeti.ge