საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, თუ პირს სურს გაზის იარაღის შეძენა ან რეგისტრაცია, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს იარაღის შენახვის ან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა. შესაბამისი ცვლილებები „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში უკვე შევიდა.
„დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო“, – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მოქალაქეებმა გააკრიტიკეს შსს-ს გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ზღუდავს მოქალაქეებს თავდაცვის უფლების განხორციელებაში და ხელს უშლის მათ დაიცვან თავი ბოლოდროინდელი ორკესტრირებული ძალადობისა და რეპრესიების კამპანიის დროს.
ლევან სამუშიამ „ლელოდან“ განაცხადა, რომ „არ გაგიკვირდეთ ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა ხელისუფლებამ აკრძალოს სამედიცინო ნიღბების ტარება, ან თუნდაც წიწაკის სპრეის გამოყენება და თავდაცვის მიზნით ტარება, რომ თავი დაიცვან ტიტუშკებისგან, რომლებიც ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სტილის, რუსული რეჟიმის გადაწყვეტილება“.
ბორის (ჩელე) ყურუამ „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, რომელიც „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეთა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის კამპანიის ერთ-ერთი სამიზნეა, განაცხადა: „მინდოდა, რომ ჩემი თავდაცვა ყოფილიყო უფრო აქტიური იმიტომ, რომ პოლიციამ ერთხელ ვერ დამიცვა და დიდი შანსია, რომ მეორედაც ვერ დამიცვას. არის მუქარები ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით და მინდოდა, რომ შემეძინა აირის იარაღი, რაზეც მითხრეს დაუსაბუთებელი უარი. ახლა რომ შევიდა ცვლილება გასაგებია, მაგრამ მაშინ, ორშაბათს, არ იყო ცვლილება შესული. შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება, რომ ჩემი მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინათ“.