უცხოეთი
ისრაელის ოპოზიციონერი დეპუტატი ავიგდორ ლიბერმანი - ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმავს ჰოლოკოსტს ისრაელისთვის უახლოეს ორ წელიწადში

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმავს ჰოლოკოსტს ისრაელისთვის უახლოეს ორ წელიწადში, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციონერმა დეპუტატმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

ისრაელელი დეპუტატის თქმით, თეირანი მომავალში 13 აპრილის სარაკეტო თავდასხმის გამეორებას გეგმავს, მხოლოდ უფრო ფართო მასშტაბით.

„ჩვენ ირანული განადგურების პროგრამის შუაგულში ვართ. თუ ირანს მიეცემა უფლება, შექმნას ბირთვული ქოლგა, ის გამოიყენებს შეკავებას დამანგრეველი დარტყმის განსახორციელებლად. ისრაელს თავს დაესხმებიან, რათა გაანადგურონ იგი რამდენიმე ფრონტიდან ერთდროულად ათიათასობით რაკეტით. ისინი გეგმავენ ჰოლოკოსტს ჩვენთვის უახლოეს ორ წელიწადში“, – განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.

მიმდინარე წლის აპრილში ირანმა 300-მდე რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა თითქმის ყველა ჩამოაგდეს. თავდასხმის შემდეგ ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ირანზე საპასუხო დარტყმისა და უნდა უზრუნველყოს „მაქსიმალური კოორდინაცია“ შეერთებულ შტატებთან. ლიბერმანი მკაცრად აკრიტიკებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ომს ღაზასა და ჩრდილოეთში და განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა უნდა „დაკეტონ“ სამხრეთ ლიბანის ნაწილი და აიძულონ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფი, მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადავიდნენ, თუნდაც ეს 50-წლიან ოკუპაციას ნიშნავდეს. „ჩვენ არაფრის ანექსიას არ ვაპირებთ და არ ავაშენებთ დასახლებებს, მაგრამ გავათავისუფლებთ ტერიტორიას მხოლოდ მაშინ, როდესაც ბეირუთში იქნება მთავრობა, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს თავისი სუვერენიტეტი“, – აღნიშნა ავიგდორ ლიბერმანმა.

1tv.ge