„თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივით რამდენიმე კვირის წინათ რუსეთის ფედერაციაში დაიწყო კონსულტაციები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ თავის ვებგვერდზე აქვეყნებს იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება საექსპორტო ოპერაციები.
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დამატებით გამოქვეყნდება ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც დაკავშირებულია ქართული პროდუქციის ექსპორტთან.„თავისუფალი საქართველო“ დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ქართველ ბიზნესმენებთან, ექსპერტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა უმოკლეს ვადებში მომზადდეს ქართული მხარის შენიშვნები ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე, რაც საბოლოო შეთანხმების საფუძველი უნდა გახდეს.
„ჩვენი პრიორიტეტია, მოსავლის აღებამდე გადაწყდეს ყველა არსებული პრობლემა, რათა შემოდგომაზე გლეხებმა ისარგებლონ პროდუქციაზე გაზრდილი საექსპორტო ფასებით.
მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს – საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და ბიზნესომბუდსმენს, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გამოთქვეს, ჩაერთონ კონსულტაციებში და ხელი შეუწყონ ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.
საქინფორმი