აფხაზეთიდან სამეგრელოში არანაირი საქონელი არ შემოდის
როგორც
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდიდან გალისა და აფხაზეთის დანარჩენი რაიონების მიმართულებით შეუზღუდავად გადის ნებისმიერი რაოდენობის ნებისმიერი ტვირთი, ხოლო აფხაზეთიდან სამეგრელოსა და საქართველოს დანარჩენი რეგიონებისაკენ ნებისმიერი სახის ტვირთის შემოტანა კატეგორიულად იკრძალება. ქართული საგუშაგო არ ატარებს აფხაზეთიდან შემოტანილ საქონელს, პროდუქტს, მოტივი კი ასეთია: აფხაზეთიდან, ანუ რუსეთიდან, შემოტანილი კონტრაბანდული უაქციზო საქონელი ქართულ ბაზარზე არ უნდა მოხვდეს.
ამ ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან, ძირითადად, არალეგალურად შემოჰქონდათ რუსული წარმოების არაჟანი, მაგრამ ეს პროცესი ამჟამად შეჩერებულია.
საკითხავია, რა დააშავა არა რუსულმა, არამედ აფხაზური წარმოების სხვა პროდუქტებმაც – ყველმა, სიგარეტმა და ა.შ. არც მათი შემოტანაა ნებადართული.
იბადება კითხვა – თუ სამეგრელოდან შეუზღუდავად გადის ქართული თუ არაქართული წარმოების საქონელი, რატომ არ უნდა შემოდიოდეს სამეგრელოში აფხაზური წარმოების საქონელი?
საქინფორმი