საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე - ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
სააკაშვილმა ილუსტრაციისთვის სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო და ასევე, იმ ადამიანთა ფოტო, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ და შენობა დააზიანეს. მისი თქმით, ოფისზე თავდამსხმელი პირები არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მტრებს მიეყიდნენ.
„მე მინდა გაჩვენოთ, რა ხალხი ესხმოდა ჩვენ ოფისს. ეს არის ხალხი, ვინც ოფისს ესხმოდა და ეს არის გიორგი ანწუხელიძე (გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ამაზრზენი ფოტო). მე ვიყავი მის სოფელში, ვნახე დედამისი და ამ ბიჭის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის. ერთ რამეს სთხოვდნენ მხოლოდ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო, რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსები და ოსი ნაძირალები, ბანდიტები! ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე, მაგრამ მან მისი ღირსება დაიცვა და სიტყვა ვერ დააცდევინეს ჩემზე.
ესენი არიან ჩემზე გინებებით ოფისთან მოსულები, ეს ტურები. ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან. ეს ხალხი მეორედ და მესამედ კლავს ანწუხელიძეს, როდესაც ქართველებს ესხმიან თავს. ესენი არიან ის ტურები, ვინც მთლიანად მიეყიდნენ საქართველოს მტრებს და მთლიანად გაყიდეს სამშობლო, მართლა ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა და საბედნიეროდ, ისინი წააწყდნენ ჩვენი ახალგაზრდობის ძალიან დიდ წინააღმდეგობას. ანწუხელიძეა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არიან ის ტურები. ამიტომ, ვინაიდან, ისინი ვერცერთი მათემატიკით ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. ეს იქნება დღე, როდესაც აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პროცესზე, გაერთიანების, გამარჯვებისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დროშები ჩქარა“.
„აქ, მთავარია „შეერთდით, შეერთდით, შეერთდით“ და ის, რომ უნდა დავხვდეთ მედგრად მტრის რისხვა-მუქარას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პარტიის ოფისზე თავდასხმის ნაწილში სააკაშვილმა განაცადა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს ესხმიან.
„გახსოვთ ისტორია, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს სპეცრაზმი გადაუსვეს, ვსაუბრობ ნიკა მელიაზე... ახლა, უკვე თავდასხმების ჩვეულებრივ მომენტად იქცა“, -განაცხადა სააკაშვილმა.