საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა და იყო ჭარბი ემოციებიც, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა.
„ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს პირველ რიგში მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“, - აღნიშნა პრემიერმა.