პუბლიკაციები
საქართველოში სტრატკომი დაიხურა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების, იგივე სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა. სტატია ე.წ. აგენტების კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემა წერს, ნატოს ინიციატივა, რომელიც თითქმის 10 წლის წინ, რუსული ჰიბრიდული ომის მიმართ საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად შეიქმნა, დაიხურა და ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივა, სტრატკომი 2015 წელს დაარსდა. New Lines Magazine-ის სტატიის თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და პრემიერ-მინისტრის ოფისშია განთავსებული, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან დაფინანსებული ტრენინგებისა თუ ტექნიკური რესურსის სახით, მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რაშიც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ ინიციატივა მარტში დასრულდა. "ამჟამად განვიხილავთ ჩვენს პოზიციას საქართველოსთან სამომავლო სტრატეგიული კომუნიკაციის თანამშრომლობის შესახებ", - თქვა ლორდთა პალატის წევრმა თარიქ აჰმედმა, რომელსაც გამოცემა ციტირებს.

დიდი ბრიტანეთის მხრიდან სტრატკომთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პროექტის შეწყვეტაზე შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.