საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მანჰეტენში, „ტრამპ თაუერში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩემთვის, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ნებისმიერისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს, ამის შემდეგ კი ტრამპი შეძლებს განაჩენის გასაჩივრებას. სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. აღსანიშნავია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დონალდ ტრამპს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ უკრძალავს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
1tv.ge