სამართალი
თამთა ლიპარტელიანი დაღუპულთა შორის იპოვეს

tamtaსაქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე განხორციელებული ტერაქტისას იქ იმყოფებოდა, გარდაცვლილებს შორის იპოვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია ქართულ მხარეს დღეს ნორვეგიის პოლიციამ მიაწოდა.

კალანდაძის ინფორმაციით, ლიპარტელიანის ცხედარი წყალში იპოვეს, რომელსაც ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ბოლო დრომდე ლიპარტელიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მის სამძებრო სამუშაოებში ნორვეგიის ხელისუფლება და დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში საქართველოს საელჩო იყო ჩართული. ოსლოში იმყოფებიან თამთა ლიპარტელიანის მშობლებიც.

როგორც ცნობილია, 22 ივლისს, ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

საქინფორმის კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს თამთა ლიპარტელიანის მშობლებსა და ახლობლებს.

 

საქინფორმი