სამართალი
გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდება

eu-courtროგორც „Новости-Грузия“-თან საუბრისას იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლებამ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა და მზადაა, შეასრულოს იგი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ყველა პროცედურის გათვალისწინებით მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა თბილისმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გირგვლიანის ოჯახთან დავა წააგო. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებული მხარისათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტურობის კუთხით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება ეჭვებს ბადებს. სტრასბურგის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნის უფლება ენიჭება.

სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი – ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური დააკავეს, რომელთაც 7-8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, შემდეგ კი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ის მაღალჩინოსნებს – ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას ასახელებდა.

 

საქინფორმი