საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), 30 მაისს პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, GRECO-ს მიერ საქართველოსთვის ჯამში გაცემული 18 რეკომენდაციიდან 2 არ შესრულდა, 6 ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო 10 სრულად შესრულდა.
რაც შეეხება დეპუტატებს, 4 რეკომენდაციიდან 1 სრულად და 3 ნაწილობრივ შესრულდა. მოსამართლეებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებიდან, 7 რეკომენდაციიდან, 1 არ შესრულდა, 3 ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო 3 სრულად შესრულდა. და ბოლოს, პროკურორების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საქართველოს შესაბამისობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე ჰქონდა მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის და მან 6 რეკომენდაცია სრულად შეასრულა, 1 კი შეუსრულებელი დარჩა.
GRECO მოუწოდებს მონიტორინგის ქვეშ მყოფი ქვეყნების მთავრობებს „მიიღონ უფრო მკაცრი რეგულაციები, რათა აღკვეთონ კორუფცია და ხელი შეუწყონ კეთილსინდისიერებას ცენტრალური ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებში, განსაკუთრებით ლობირებისა და მესამე მხარეებთან კონტაქტების საკითხებში, ასევე გაააქტიურონ ძალისხმევა GRECO-ს ყველა რეკომენდაციის სრულფასოვნად და დაუყონებლივ შესასრულებლად“.
civil.ge