საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება; შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა სირთულეები სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკოსებთან, კონკრეტულ ბიუროკრატებთან, მაინც მოვახერხეთ პროგრესის მიღწევა ურთიერთობების დაახლოებით კუთხით, მათ შორის განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა, მოვახერხეთ 4 პრინციპული ნაბიჯის გადადგმა. ბოლო იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, ბიუროკრატები მიდიან, მოდიან, მაგრამ ევროკავშირი რჩება. ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა პრემიერმა.