უცხოეთი
ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ირლანდიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა.

„მთავრობა აღიარებს პალესტინას სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და შეთანხმდა სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე დუბლინსა და რამალას შორის. პალესტინის სახელმწიფოში დაინიშნება ირლანდიის ელჩი“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.

ამასთან, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მშვიდობის იმედის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.

„ირლანდიის ეს გადაწყვეტილება არის იმედის შენარჩუნება. ეს არის რწმენა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გზაა ისრაელისა და პალესტინისთვის, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ იცხოვრონ გვერდიგვერდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ისრაელის პრემიერ-მინისტრსს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მოუსმინოს მსოფლიოს და შეწყვიტოს ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც ვხედავთ ღაზაში“, – განაცხადა საიმონ ჰარისმა.

შეგახსენებთ, პალესტინის სახელმწიფო დღეს ოფიციალურად აღიარა ესპანეთმაც.

1tv.ge