გუშინ, 2011 წლის 27 ივლისს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტზე გამოქვეყნდა საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ ქვემომოყვანილი მიმართვა:
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან ვარშალომიძეს
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში 12 ივლისს დაწყებულ მსოფლიო კულტურათა დღეებში მონაწილე ქვეყნებს შორის აჭარა და საქართველო ცალ-ცალკეა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა, ის არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და მისი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში საქართველოსგან დამოუკიდებლად მკაფიოდ მიანიშნებს, რომ არსებობს მიზანმიმართული მცდელობა, აჭარა მსოფლიოს თვალში სუვერენულ სუბიექტად წარმოჩნდეს!ვეჭვობთ, რომ დაიწყო შეჩვევის კამპანია აჭარის საქართველოსგან ეტაპობრივი ჩამოშორებისა.
საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედარი“ ვაცხადებთ პროტესტს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ განგვიმარტოთ, თუ ვისი ინიციატივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება აჭარის ზემოხსენებულ ღონისძიებაში საქართველოსგან დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ.
თუ საქართველოს მტრების მიერ ჩადენილი ეს ქმედება დარჩება რეაგირების გარეშე, ჩავთვლით, რომ ჩვენი ეჭვი საფუძვლიანია და საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე.
საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს სახელით,
გენერალური მდივანი
ჯულიანა დიუმა
ლონდონი,27 ივლისი, 2011 წ.
ზემოთ მოყვანილ მიმართვასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ მან საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია, რასაც მოჰყვა აღშფოთებული მკითხველის მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარი რედაქციაში და, ასევე, მიმართვის აქტიური და ემოციური განხილვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში (Facebook, Twitter), საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს:
– საქართევლოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედარი“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ზოგიერთ აღმოსავლეთის სახელმწიფოს ქართველი დიასპორის წევრებს აერთიანებს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საინფორმაციო პარტნიორი ორგანიზაციაა, ხოლო საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი, ქალბატონი ჯულიანა დიუმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სპეციალური კორესპონდენტია ევროკავშირის ქვეყნებში;
– საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთელი ჟურნალისტური კოლექტივი სრულებით უჭერს მხარს ზემოთ მოყვანილ მიმართვას და მოუწოდებს კოლეგებს – ქართულ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი სულერთი არ არის, მხარი დაუჭირონ მოცემულ მიმართვას. შესაძლოა, ქართველი საზოგადოებისა და ჟურნალისტური კორპუსის ოპერატიული რეაქცია ის პრევენციული ზომა აღმოჩნდეს, რომელიც საკმარისი იქნება ამ კაზუსის ამოსახსნელად და მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან ასაცილებლად;
– თუკი მიმართვაში მოყვანილი ფაქტი სულაც არაა კაზუსი და მიმართვის ავტორების მიერ გამოთქმული შეშფოთება საფუძვლიანია, მიმართვის ადრესატებს 2004 წლის მაისის მოვლენებისა და მდინარე ჭოროხზე ხიდის აფეთქებას შევახსენებთ – იმას, რომ, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერთა მოქმედებებს საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა მიხეილ სააკაშვილისადმი სიმპათიის, ან ასლან აბაშიძისადმი ანტიპათიის გამო, არამედ იმის გამო, რომ ისინი მიმართული იყო აჭარის ავტონომიის ყოველმხრივი და შეუქცევადი ინტეგრაციისკენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში, ყველა შიდა საზღვრისა თუ პოსტის მოხსნისკენ;
– საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციისკენ მიმართული მისი მოქმედებები, რომლებიც მდგომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს – ბათუმში, ხოლო საქართველოს პარლამენტის – ქუთაისში გადატანაში, პირდაპირ ეწინააღმდეგება მიმართვაში მითითებულ შემაშფოთებელ დესტრუქციულ ფაქტს, რომელიც ხაზს უსვამს ავტონომიის სრულ დამოუკიდებლობას ცენტრისაგან და მსოფლიო თანამეგობრობის თვალში საქართველოს განუყოფელ ნაწილს – აჭარას, დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტად წარმოაჩენს;
– საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მკითხველები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ დავიწყებია აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და სმენია 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შესახებაც, ამიტომაც მისგან ელიან მიმართვაში მითითებული ფაქტის განმარტებას. ჩვენი სააგენტო მზადაა, გამოაქვეყნოს მიმართვის ადრესატთა და, ასევე, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ნებისმიერი კომენტარი თავის საიტზე www.saqinform.ge.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“
თბილისი, 2011 წლის 28 ივლისი