აღნიშნული მოთხოვნით ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დღეს, 12:00 საათზე, აქციას გამართავს. როგორც საინიციატივო ჯგუფში განმარტავენ, მათი მიზანი მედიის მეტი ინფორმირებულობაა, რდაგან ანძის გასხვისებით შესაძლოა, მცირე ტელეკომპანიებს პრობლემები შეექმნათ.
„ჩვენ ვითხოვთ ტენდერის გადავადებას, აუქციონის პირობების მეტ გამჭვირვალობას და მედიასაშუალებებისათვის ტარიფების შენარჩუნებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ.ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“, რათა აუქციონის პირობებში, გარდა საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნებისა, ჩაიწეროს, რომ „აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით“.
კოალიცია იმედოვნებს, რომ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გააქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია, მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
საქინფორმი