საზოგადოება
ოფიციალური პეკინის პოზიციაა, რომ სუვერენიტეტის პატივისცემის ნიშნად ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევა - ჩინეთის ელჩი საქართველოში

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხმაურება ჩინეთი, რომელთანაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გაფორმებული.

ოფიციალური პეკინის პოზიციაა, რომ სუვერენიტეტის პატივისცემის ნიშნად ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევა. ჩინეთის ხელისუფლების პოზიცია საქართველოში აკრედიტებულმა ელჩმა გაახმოვანა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების სურვილი გამოთქვა. იყო საინტერესო აქცენტები შუა დერეფნის მომავალზე და საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე. ტაივანის გამო გაჟღერდა მკაფიო და ნეგატიური გზავნილები ამერიკის მისამართით. ჩინეთის ელჩმა დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებს ერთი ჩინეთის პრინციპის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება არ არსებობს.