საზოგადოება
შაშკინი სკოლებს ხურავს

skolebi_4როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან იუწყება, სექტემბრიდან ზუგდიდში 2 სკოლით ნაკლები იქნება. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო. ოდიშისა და ხეცერას საბაზო სკოლების დახურვის მიზეზად განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აზა ჯოჯუა სკოლების მოსწავლეთა მწირ კონტინგენტს ასახელებს. ოდიშის სკოლაში 30 მოსწავლე სწავლობდა და 12 პედაგოგი მუშაობდა, ხეცერაში კი 14 მოსწავლე  კლასკომპლექტებში სწავლობდა და სკოლაში 4 მასწავლებელი იყო დასაქმებული. განათლების სამინისტროსავე გადაწყვეტილებით, ოდიშისა და ხეცერას სკოლების მასწავლებლებს სხვა სკოლებში დასაქმების შანსი სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ოდიშის საბაზო სკოლის მოსწავლეებს უახლოეს სკოლამდე 4-6 კილომეტრის გავლა მოუწევთ, იმავე მანძილს დაფარავენ ხეცერას სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც. სკოლის სიშორის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს არც მთავრობის მიერ თავის დროზე გაპიარებული სასკოლო ავტობუსი დაუნიშნა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ საქართველოში არცერთი სკოლა არ დაიხურებოდა და მას სახლში გასაშვები არცერთი მასწავლებელი არ ჰყავდა. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად ესეც დაივიწყა.

განათლების უწყებაში შაშკინის მოსვლის შემდეგ არაერთი მტკივნეული რეფორმა გატარდა. პოლიციურ რეჟიმზე გადასულ სკოლებს დიმიტრი შაშკინი ამჯერად დასახურავად მიადგა.

 

საქინფორმი