სამართალი
დარღვევები სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში

soflis-daxmarebaროგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დარღვევებით მიმდინარეობს. ზუგდიდის სოფელ კორცხელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვარადებულ ლაშხია მედიასა და ადგილობრივ „ქრისტიან-დემოკრატებს“ სოფლის სავალდებულო კრებისა და პრიორიტეტების შერჩევის სხვადასხვა თარიღს უსახელებს. ვარადებულ ლაშხიამ „ქრისტიან-დემოკრატების“ ზუგდიდელ ლიდერ კახაბერ სარიას მიმდინარე წლის მაისში განუცხადა, რომ კრება არ ჩაუტარებია და, შესაბამისად, პრიორიტეტებიც არჩეული არ ჰქონდა.

არადა, საქართველოს მთავრობის 13 იანვრის განკარგულებით, საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტების შერჩევა 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო და ზუგდიდის გამგებლისთვის მას ეს 1 მაისამდე უნდა წარედგინა. ამ შემთხვევაში კი ვარადებულ ლაშხიას ქმედება უკანონოა.

ამ გაუგებრობაში გასარკვევად კორცხელის რწმუნებულ ვარადებულ ლაშხიას დავუკავშირდით. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების ასარჩევად საერთო კრება დეკემბერში ჩაატარა. ამ შემთხვევაში სოფლის გამგებელი იტყუება, რადგან საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ 2011 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 13 იანვრის №20 დადგენილებით მიიღო. ამდენად, დეკემბერში კორცხელის რწმუნებულს არ შეიძლებოდა ჰქონოდა სოფლის კრება ჩატარებული და სამუშაოების ნუსხა ზუგდიდის გამგეობისთვის გადაცემული. ორივე შემთხვევაში კორცხელის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კანონი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობას წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის – 1 362 507 ლარი, ხოლო მთლიანად საქართველოს მასშტაბით 40 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა ამ თანხას პრობლემების გადასაჭრელად ვერ იყენებს. მათ მაგივრად, მათთვის მინიჭებულ უფლებას – თავად აირჩიონ, რა სურთ თავიანთი სოფლისთვის, სოფლის რწმუნებულები ართმევენ. ზუგდიდის ადგილობრივი ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ ზუგდიდის არცერთ სოფელში ხალხისთვის პრიორიტეტები არ უკითხავთ და ის თვითონ შეარჩიეს.

 

საქინფორმი