საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია 11 სენატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-თან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს.
„ეს კენჭისყრა მოხდა ასობით ათასი ქართველის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონმდებლობის წინააღმდეგ, რაც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად იქნება გამოყენებული, არამედ ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის წინსვლას. ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდნენ როგორც უცხოური აგენტები, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან სამუშაოს ქვეყანაში, სადაც სახსრები მწირია. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-თან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც სენატორები აღნიშნავენ, აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს, სავიზო აკრძალვასა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი მიწერილ წერილში გავაფრთხილეთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში. როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, სავიზო აკრძალვას და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც დიდი სიყვარული აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და მხარს უჭერენ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას და მათი ხმის ამაღლებას, რომელთა 79% მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი, კრის კონსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიქერი, ტიმ კაინი, რიჩარდ ბლუმენტალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრაჰამი და ტომ ტილისი.
1tv.ge