პოლიტიკა
სააკაშვილმა ოპოზიციას ის დააყვედრა, რაზეც მასთან შეთანხმება ვერ შეძლო

Copy_-mishaaროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“.

„მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინათ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე. ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება – ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცხადია, სააკაშვილს თავისი გამოსვლით სურდა, პოლონელი კოლეგისთვის დაენახვებინა ის, რასაც ყველა ჩამოსულ სტუმართან ცდილობს, თუმცა ცხადია ისიც, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო წინადადების პაკეტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მხოლოდ შემდგომში მოღალატეებად წოდებულმა ორმა პარტიამ – „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოაწერეს ხელი, რაც „ოპოზიციური რვიანის“ დაშლის მიზეზი გახდა. შესაბამისად, ალბათ, პრეზიდენტს სატრაბახო არც არაფერი აქვს, რადგან, რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდა, ეს კომპრომისი არ შედგა – შეთანხმება მხოლოდ მცირე ნაწილთან მოახერხა. ამ მოსაზრების სიზუსტეს, ალბათ, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციების მისაღები შედეგით დასრულების შემთხვევაში, პრეზიდენტს უცხოელი ლიდერებისთვის არარსებულის მტკიცება არც დასჭირდებოდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციონერი ლიდერებისგან არა „საჩივრის წერილებს“, არამედ გამარჯვების შეტყობინებებს მიიღებდა.

 

საქინფორმი