აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“: მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა - იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა - ეს არის ძალადობრივი აქციების შეფუთვა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობრივი პროცესების ინსპირირება მიმდინარეობს“.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ. ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“. მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა - იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი ვნახეთ, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინასთან პარალელები „ძალიან ცხადია“.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მიზანი „ძალადობრივი სცენარის განვითარება და საქართველოში „მაიდანის“ მსგავსი პროექტის განხორციელებაა“.

ეს პროტესტი არ არის ოპოზიციის პროტესტი, როდესაც მოხდა ამ პროექტის ინიცირება, თქვენ გახსოვთ როგორი იყო პირველი დღეები, განხილვები, რეაქციები ოპოზიციის მხრიდან, რაიმე დიდ პროტესტს ვერ ვხედავდით, მათ შორის ამბობდნენ, რომ არჩევნებზე მივალთ და ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი არჩევნების გზითო. მხოლოდ მას შემდეგ რაც მიიღეს სიგნალი გარედან, საკუთარი მფარველებისა და დამფინანსებლების მხრიდან, წამოიწყეს ეს პროტესტი, რომელიც მიზანსაც ვხედავთ რაც არის და სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამას ადასტურებს, რომ მიზანი არის ძალადობრივი სცენარის განვითარებისა და საქართველოში „მაიდანის“ მსგავსი პროექტის განხორციელება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.