საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 მაისს ვეტო დაადო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცოტა ხნის წინ შეტანილ სადავო ცვლილებას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს.
ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით 19 აპრილს მიიღო, რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საკუთარი აქტივების ოფშორიდან საქართველოში გადმოტანას გადაწყვეტენ. კანონმა, რომელიც პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო არსებული წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, საქართველოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კანონის ოპონენტები შიშობენ, რომ ის საქართველოს შავი ფულის ცენტრად აქცევს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას შესაძლო დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
„ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე. „საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად დაამახინჯოს ის“.
ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაახშირა იმ კანონებზე ვეტოს დადება, რომლებიც მიაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. „ქართულ ოცნებას“ მარტივი უმრავლესობა სჭირდება ვეტოს დასაძლევად, რაც არაერთხელ გაუკეთებია.