საზოგადოება
„ქართული პარტია“ თბილისის ანძის აუქციონთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას მოითხოვს

andzaროგორც საქინფორმს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დააზუსტოს ინფორმაცია შპს „ალფა-კომის“ ქონების აუქციონთან დაკავშირებით. პარტიის ინფორმაციით, „აუქციონის პირობებში მითითებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ეს ქონება კი საკმაოდ სოლიდურია: საქმე ეხება 274-მეტრიან სატელევიზიო ანძას და 35 შედარებით მცირე ზომის ანძებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. „მოვითხოვთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება, საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება გულისხმობს თუ არა ყველა იმ ვალდებულების შენარჩუნებას, რაც დღეის მდგომარეობით აქვს შპს „ალფა-კომს“ როგორც შპს „ტელერადიოცენტრის“ უფლებამონაცვლეს“, – აცხადებს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი.

ამასთან, „ქართული პარტია“ მიმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საჯარო გახადოს, დაადგინა თუ არა ზღვრული ტარიფები შპს „ტელერადიომაუწყებლისთვის“ (დღეს უკვე შპს „ალფა-კომისთვის“), როგორც საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს.

თბილისის ანძას ბოლო დრომდე მართავდა შპს „ტელერადიოცენტრი“, რომელსაც მიმდინარე წლის 4 ივლისს სახელი გადაერქვა და „ალფა-კომი“ ეწოდა. არ შეცვლილა მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შეიცვალა მხოლოდ სახელწოდება. ხორგუანის თქმით, „ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ აუქციონი 18 ივლისს გამოცხადდა და 1 აგვისტოს ტარდება“. „ასეთ მოკლე ვადაში ვერცერთი სერიოზული ორგანიზაცია ვერ გარისკავს, მიიღოს გადაწყვეტილება სოლიდური ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ამიტომ, სავარაუდოდ, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და აუქციონი მხოლოდ ფორმალობაა. გარდა ამისა, აუქციონთან დაკავშირებული ინფორმაცია დახურულია“, – აცხადებს ხორგუანი.

 

საქინფორმი