ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რომელ ქვეყანას მიმართავს მისი მეუღლე თავშესაფრის თხოვნით.
„ხელისუფლება ამჟამადაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვიდეოფირები, რომლებიც ჩემი მეუღლის შესახებ გამოაქვეყნეს, საქმეში მტკიცებულებად არ დევს. ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მათ მხოლოდ სამი კაცის ჩვენება აქვთ. აქედან ორი აცხადებს, რომ მას არ იცნობდნენ და პირველსავე შეხვედრაზე ბადრი ბიწაძემ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული გეგმები გაუმხილა. მისი დაპატიმრების შემთხვევაში, ხელისუფლებას სერიოზული მტკიცებულებების წარმოდგენა მოუწევს, ასეთი კი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალია, ბადრი ბიწაძეს პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცეს, რაც ხელისუფლებას, ვარწმუნებ, რომ არ აწყობს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძემ საქართველო 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საქინფორმი