საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ევროპარლამენტართა ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.
რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, „რამდენადაც კანონპროექტი შექმნილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს. ანალოგიური კანონმდებლობა ახლახან მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში“. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით ამ ტექსტში სიტყვა ოკუპაცია გამოყენებული არ არის და ყირგიზეთთან ერთად მოიხსენიება, როგორც „აფხაზეთი, სადაც მსგავსი კანონმდებლობა ამოქმედდა“.
კენჭისყრაზე აღნიშნული ჩანაწერი და პროექტი არ გავა, ვინაიდან ამავე პროექტის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სანქცირებას და საქართველოსთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს, ევროპარლამენტმა შეთანხმება ვერ მოახერხა.
ევროპელი დეპუტატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის შეთანხმების შედეგად შემუშავებულ კონსოლიდირებულ ვარიანტს უყრიან კენჭს, სადაც მსგავსი ჩანაწერები აღარ არის, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის პროექტის ტექსტი, რომელიც ქართველი დეპუტატების სანქცირებას ითხოვს და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოებს შორის მოიხსენიებს, ამ დრომდე განთავსებულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე, ოფიციალურ დოკუმენტებს შორის.