საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. კერძოდ, პროექტი მომზადებულია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალ-დემოკრატების“, „განახლებული ევროპის“, „მწვანეების“ – „ევროპული თავისუფალი ალიანსისა“ და „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფების“ წევრთა სახელით.
რეზოლუციის პროექტის ავტორთა შორის არიან მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი, მარკეტა გრეგოროვა, ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტში ნათქვამია:
„ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
– საქართველოზე მისი წინა რეზოლუციების გათვალისწინებით,
– ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლისა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის `უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონის მიღების შესახებ 2024 წლის 17 აპრილის განცხადების გათვალისწინებით,
– 2024 წლის 4 აპრილის ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ განცხადების გათვალისწინებით,
– ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის დასკვნების გათვალისწინებით,
– „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკეს“ გათვალისწინებით,
– ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებისა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის შეთანხმების გათვალისწინებით,
– სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის გათვალისწინებით,
– ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გათვალისწინებით,
– საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებლის 2024 წლის 18 აპრილის ერთობლივი განცხადების გათვალისწინებით,
– 132(2) წესებისა და (4) პროცედურის წესების გათვალისწინებით,
ა. ვინაიდან აზრის, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს;
ბ. ვინაიდან საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, ასევე ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრი, ვალდებულია დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპები;
გ. ვინაიდან ევროკავშირი საქართველოსგან, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი კანდიდატი ქვეყნისგან ელის, რომ სრულად დაიცავს ასოცირების შეთანხმებასა და სხვა საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, შეასრულებს პირობებს და გადადგამს ნაბიჯებს , რომელიც გაწერილია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ვინაიდან ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმის დათქმით, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმება; ვინაიდან ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა (ნაბიჯი 9) და ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას (ნაბიჯი 1), და რამდენადაც კანონპროექტი არღვევს ამ ორივე მიზანს;
დ. ვინაიდან 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონი, 83 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკის მიუხედავად, რომელმაც კანონპროექტს `ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი“ უწოდა, ეროვნული და საერთაშორისო დაგმობისა და საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთგზის მოწოდებებისა უკან გაეწვიათ კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონი მოითხოვს ორგანიზაციებისგან რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ორი თვის ვადაში დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად და მიიწებონ ასეთი იარლიყი; ვინაიდან ორგანიზაციები დაექვემდებარებიან დამატებით შემოწმებას, ანგარიშვალდებულებას და შესაძლო სანქციებსაც, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს 25 000 ლარამდე, ვინაიდან კანონი სერიოზულად შეზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობას თავისუფლად იფუნქციონირონ.
ე. ვინაიდან უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს ზომებს, რომლებიც ზღუდავს მათ საქმიანობას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში;
ვ. ვინაიდან ეს კანონპროექტი წარმოდგენილია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საქართველოში მზარდი თავდასხმების დროს, ასევე საერთაშორისო დონორების მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის წინააღმდეგ, თითქოსდა სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და საჯარო სფეროში კრიტიკული ხმების გაჩუმების მიზნით, სხვა მრავალ შორის, უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით; ვინაიდან ეს კანონპროექტი ერთ-ერთი ბოლოა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივების სერიიდან, რომელიც ასევე მოიცავს „ლგბტ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად საკონსტიტუციო ცვლილებების გამოცხადებას და ქალებისთვის გენდერული კვოტების სავალდებულო პოლიტიკის გაუქმებას პარლამენტში, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს ევროკავშირის, მისი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას; ვინაიდან ევროპარლამენტმა წინა რეზოლუციებში უკვე მოითხოვა ზომები, რათა შემცირდეს ის დესტრუქციული როლი, რომელსაც საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესები ასრულებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჰუმანიტარული ნიშნით გასათავისუფლებლად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასაშვებად პარლამენტმა მოწოდება გააკეთა.
1. მკაცრად გმობს სადავო კანონპროექტის ხელახლა შემოღებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც დააწესებს დამაზიანებელ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამით ძირს გამოუთხრის მათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ მას მოჰყვა მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
4. ამიტომ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო პროცედურები, რომელსაც კანონის მიღებამდე მივყავართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულებები, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ გაიწვევს კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ და აღარასდროს შემოგვთავაზებენ მსგავს კანონს; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისთვის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება;
5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, განაგრძონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიონ ევროკავშირში გაწევრიანების გზას;
6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;
7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას ცნობების გამო, რომელშიც საუბარია სპეცრაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას შეუძლია განვითარდეს;
9. გმობს ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია რუსულის მსგავსი ძალიან საკამათო კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონი“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად იარლიყს აწებებს და მათ დისკრიმინაციას ახდენს და ასევე გამოიყენება ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად და ოპოზიციის ჩასახშობად, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგია;
10. შეგახსენებთ, 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას. მოუწოდებს, რომ ეს კანონპროექტი არღვევს ამ ორივე მიზანს;
11. ახსენებს საქართველოს მთავრობას მის მიერ აღებულ ვალდებულებებს და ასევე იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელსაც ის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს დაეთანხმა და მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარსა და კომისიის პრეზიდენტს გააკეთონ იგივე;
12. სთავაზობს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედური შეფასება, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
13. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც საქართველოში დონორის როლზე და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო გავლენისა მისი შედეგების შესახებ ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე;
14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, შეინარჩუნოს ვალდებულება, რომ პატივი სცემს, გააძლიერებს და ხელს შეუწყობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს ევროკავშირის წევრობისა და კანდიდატის სტატუსის პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;
15. კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური, ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილსადმი, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;
16. მოუწოდებს შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ, 2024 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად;
17. ავალებს თავის პრეზიდენტს, ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.