თბილისში მოვლენები ჩემ მიერ ქართულ და უცხოურ მედიაში დაფიქსირებული პროგნოზების ზუსტ შესაბამისობაში ვითარდება, რომლებიც კარდინალურად განსხვავდება ქართული საზოგადოების ე.წ. „ცნობადი სახეების“ ყველა განცხადებისგან, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია გარკვეული დეტალების დაზუსტება, რათა არავის შეექმნას მცდარი აზრი იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება.
ჩემმა თანატოლებმა და უფრო ასაკოვნებმა ალბათ შენიშნეს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი გარეგნულად საოცრად ჰგავს 1992 წლის პარლამენტს. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართული ცემა-ტყეპა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანია ცდებოდა - ემოციური ქართველები, მათი „უმიზეზო ხალისიანობით“ (მამარდაშვილის მიხედვით), ევროპელებისგან ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა. მაგრამ თუ იმ პარლამენტში 30-ზე მეტი პარტია იყო წარმოდგენილი და ის მართლაც ჰგავდა სახალხო კრებას, ახლანდელში ორი დაპირისპირებული ძალაა - უმრავლესობა და ოპოზიცია, თავიანთი სატელიტებით. ისინი ერთმანეტს ჰგვანან იმით, რომ წარმოადგენენ ორ დახურულ “კასტას” თავ-თავისი თამაშის წესებითა და კონკრეტული ამოცანებით:
- ოპოზიცია (პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია), საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და დიდი ფულის სანაცვლოდ, და არა იდეოლოგიური მრწამსის გამო, ასრულებს დასავლეთის დაკვეთას, რათა საქართველომ არასოდეს აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და არ გახდეს მისი პარტნიორი, მოკავშირე ან მეგობარი ქვეყანა;
- უმრავლესობას არ სურს ძალაუფლების დათმობა ოპოზიციისთვის, ამიტომ სახელისუფლებო პარტია ეროვნული ინტერესების, ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლობის, კულტურის, ოჯახის ინსტიტუტის - ჰეტეროსექსუალური ქორწინების დაცვის სადარაჯოზე დადგა და გადაწყვეტა მიიღოს კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ ამომრჩევლის თვალში ოპოზიციის სახელის გადასატეხად.
ოპოზიციისა და უმრავლესობის მთავარი პიარ-თეზისი ერთი და იგივეა, პირწმინდა დემაგოგიის სფეროდან - ორივე დაპირისპირებული ძალა ერთმანეთს საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს:
- ოპოზიცია უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებს რომელსაც უმრავლესობა, თითქოსდა, სპეციალურად იღებს ოპოზიციის დასავლური დაფინანსების წყაროების გადაკეტვის მიზნით, რაც, ვითომდა, რუსეთისთვის ხელსაყრელია;
- უმრავლესობა ოპოზიციას კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მედვედევის, პესკოვისა და დუგინის მხრიდან განხილვაში მყოფი კანონპროექტის მხარდაჭერა წარმოადგენს პროვოკაციას საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.
ლოგიკას მოკლებულია დანარჩენი მტკიცებულებების ბაზაც, მაგალითად:
- ოპოზიცია, რომელიც ორმაგ სტანდარტებს მისდევს, ბოლო 12 წელია აცხადებს რუსეთის რბილი ძალის, რუსი პროპაგანდისტების დაფინანსების შესახებ საქართველოში, ხედავს რუსულ ნარატივს და რუსეთის ჰიბრიდულ ომს ყველგან, სადაც მოეპრიანება, მაგრამ წინააღმდეგია, რომ დასავლეთის გავლენის აგენტების დასავლური დაფინანსება გამჭვირვალე გახდეს. საგულისხმოა, რომ კანონპროექტის პარლამენტში შეტანისთანავე ოპოზიცია იმის ნაცვლად, რომ მხარი დაეჭირა მისთვის საქართველოში „მზაკვარი რუსი პროპაგანდისტების“ ლუსტრაციის იმედით, მათ არსებობაზე პირში წყალი ჩაიგუბა!
- ლოგიკას ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციაც, რომელიც საქართველოს იმაზე დიდ ევროპად წარმოაჩენს, ვიდრე თვით ევროკავშირი, რომელიც ერთხმად კატეგორიულად უკრძალავს საქართველოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას. ჩნდება კითხვა: რომელ ევროპაზეა ორიენტირებული საქართველო? საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა აღიაროს, რომ გამჭვირვალობა, სხვა ევროპული ღირებულებების მსგავსად, ორმაგი სტანდარტების მაგალითია და გამოიყენება შერჩევით - არ არის სავალდებულო უმაღლესი რასის, ანუ ევროპელებისთვის და სავალდებულოა მეორეხარისხოვანი ხალხებისთვის - „მეორე სამყაროს“ ქვეყნებითვის, რომლებიც იბრძვიან „სუფრაზე დასაშვებად“ (ისკანდერის მიხედვით), მაგალითად - საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირშო და ნატოში მიესწრაფის.
მიღებული გრანტების გასამართლებლად უცხოელი აგენტები (პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია) კვლავაც მიმართავენ ნაცად მეთოდს - პროვოკაციებს უმძიმესი შედეგით. პირველ პრეცედენტად იქცა ინციდენტი პარლამენტში, როდესაც ერთი „ოპოზიციონერი“ დეპუტატი (ცნობილი პროვოკატორი, რომლის გამოისობითაც ადამიანები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ 15 წლის წინ) ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი და დიდი ფულის სანაცვლოდ, მოულოდნელად ავარდა ტრიბუნაზე და მთელი ძალით უთავაზა მუშტი საფეთქელში გამომსვლელს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. ხელისუფლება ხულიგანს პასუხისგებაში არ აძლევს, რადგან გამორიცხული როდია, რომ ამ დეპუტატის (რომელიც, სხვათა შორის, პარლამენტში ფარულად შეიყვანა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“) ლიკვიდაცია მოახდინონ ან მძიმე ტრავმები მიაყენონ და ამაში ხელისუფლება დაადანაშაულონ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 17 აპრილი
საქართველო, თბილისი