„ნოემბერში ქალაქის მერისგან პირობა მივიღეთ, რომ სამარშრუტო ტაქსებზე მომსახურების ტარიფი არ გაიზრდებოდა, თუმცა მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე ბაზარზე შემოსულმა მონოპოლისტმა კომპანიამ თვითნებურად, კერძო ბიზნესინტერესების გათვალისწინებით, მგზავრობა გააძვირა. „ქრისტიან-დემოკრატები“ ქალაქის მერს სამმხრივ კონსულტაციებს ვთავაზობთ ჩვენი, მერიისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, მონაწილეობით, რათა შევჯერდეთ გამოსავალზე – იქნება ეს ტენდერის თავიდან ჩატარება, თუ პირდაპირი გზით ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება. ეს, ერთი მხრივ, მერის მხრიდან საკუთარი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისი ქმედება იქნება და, მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით მოქალაქეები საპროტესტქო აქციებს მართავენ.
საქინფორმი