საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკა დღეს იუბილარია

statist25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი სამსახური. სტატისტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს. საქსტატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მომხმარებლებსა და, რაც მნიშვნელოვანია, რესპონდენტებთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას.

სიმბოლურია, რომ სწორედ 25 ივლისს იწყება საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ერთობლივი სამწლიანი პროექტი. პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა დახმარებას გაუწევს საქსტატს სტატისტიკური მეთოდოლოგიის, ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკისა და სხვა მიმართულებების კუთხით. საქსტატში უკვე მუშაობა დაიწყო შვედეთის სტატისტიკის მრჩეველმა, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში – 3 წლის განმავლობაში, იმუშავებს ქართველ კოლეგებთან ერთად და კოორდინაციას გაუწევს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს.

შვედეთის სტატისტიკის სამსახურსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ და შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ მიმდინარე წლის 9 ივნისს მოაწერეს ხელი. პროექტის მთლიანი ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს და მთლიანად ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA-ს მიერ.

 

საქინფორმი