უცხოეთი
ჯო ბაიდენი - აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა დღეს თავი გამარჯვებულად უნდა მიიჩნიოს, რადგან აშშ-ის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ირანის თავდასხმები დიდწილად წარუმატებელი იყო და აჩვენა ისრაელის უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობები.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

1tv.ge