პოლიტიკა
ბრონისლავ კომოროვსკი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ბათუმში შეხვდებიან

vizitiროგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოდის და ის როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

დაგეგმილია კომოროვსკის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლონელ წარმომადგენლებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და პოლონეთის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში 2011-2013 წლების თანამშრომლობის პროგრამას.

„საქართველოსა და პოლონეთს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენ ვცდილობთ, ეს ურთიერთობები არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაღრმაოთ და ეს ვიზიტიც ამის ნათელი დადასტურებაა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი საქართველოს ძალიან აქტიური ლობისტია საერთაშორისო არენაზე, მნიშვნელოვანია, ის სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების საკითხებზე“, – განაცხადა კალანდაძემ.

კომოროვსკი ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფება, საიდანაც საქართველოს ესტუმრება.

საქინფორმი