საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თავისი ქვეყნისა და მოლდოვის გაერთიანების იდეას. მარჩელ ჩოლაკუ მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება შეიძლება მოხდეს ევროკავშირის შიგნით ან რაიმე სხვა გზით, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოლდოვის მოქალაქეთა სურვილი.
„ასევე მხარს ვუჭერ მოლდოვის რესპუბლიკის გაერთიანებას რუმინეთთან. ამას ვერავინ ამიკრძალავს, ეს ჩემი უფლებაა. მჯერა, ეს გაერთიანება მოხდება ევროკავშირის ჩარჩოში ან ჩვენ ვიპოვით სხვა გზას“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლდოვა მდგრადობას რუმინეთის დახმარებით ინარჩუნებს.
„ისტორია უსამართლოდ მოიქცა. მე ვერ შევცვლი წარსულს, ხოლო აწმყო წარსულის შედეგია. რაც შემიძლია გავაკეთო, არის მომავლის მშენებლობა“, – განაცხადა ჩოლაკუმ.
მარჩელ ჩოლაკუს განცხადებით, ორი ქვეყნის პოტენციური გაერთიანების საკითხზე ინიციატივა მოლდოვამ უნდა გამოიჩინოს.
შარშან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რუმინეთის მოქალაქეთა 54 პროცენტი მოლდოვასთან გაერთიანებას მხარს უჭერს.
1tv.ge