საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კანონპროექტის ისევ პარლამენტში დაბრუნებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაზრდას შეუწყო ხელი.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობას ითვალისწინებს, რომლებიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან ჩართული და ოპონენტები საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
პროექტი იმ არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების ფინანსების დეკლარირებას ითვალისწინებს, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა 25 ათასი ლარით ორგანიზაციის დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (პროექტი)
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ მიქელაძე, დავით კაჭარავა.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ზაალ მიქელაძე